მალხაზ ნაკაშიძე, საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოება (ICON•S საქართველო) – ახალი შესაძლებლობა 

საქართველოში საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოება – ICON•S საქართველო ჩამოყალიბდა. ICON•S არის საერთაშორისო საზოგადოება, რომელსაც ჰყავს წევრები მთელი მსოფლიოდან, უმაღლესი განათლების ყველა საფეხურზე, სტუდენტების და ემერიტუს პროფესორების ჩათვლით. ICON•S თავისი მისიის განსახორციელებლად პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბების და იდეების საერთაშორისო დონეზე გაცვლის საუკეთესო საშუალებებს გვთავაზობს. ICON•S-ის სათავო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში. ორგანიზაციის ვებგვერდია: https://www.icon-society.org

ICON•S საქართველო საჯარო სამართლით, სხვა მომიჯნავე დისციპლინებით დაინტერესებულ პროფესორებს, ახალგაზრდა მეცნიერებს, დოქტორანტებს, სხვა დაინტერესებულ პირებს აერთიანებს. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს საჯარო სამართლის განვითარებას საქართველოში, კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია და საერთაშორის აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას.

საქართველოს ორგანიზაციის დამფუძნებელთა შორის არიან საქართველოს 12 უნივერსიტეტის, კერძოდ, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), კავკასიის უნივერსიტეტის 28 წარმომადგენელი (https://www.icon-society.ge/მმართველობა)

ორგანიზაციის შექმნის იდეა 2021 წელს ICON•S-თან თანამშრომლობისას გაჩნდა. 2021 წლის წლის ზაფხულში, ICON•S-ის რეკომენდაციით, დავიწყეთ ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები საქართველოში ორგანიზაციის ჩამოყალიბების მიზნით. 2022 წლის თებერვალში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობით შედგა ორგანიზაციის დამფუძნებელი კრება, ხოლო 2022 წლის 14 ივნისს საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ორგანიზაციის შექმნის და მისი წესდების დამტკიცების შესახებ.

ICON•S გლობალური ორგანიზაციაა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააჩნია 16 ეროვნული და რეგიონული წარმომადგენლობა სხვადასხვა ქვეყანასა თუ რეგიონში. ამჟამად მიმდინარეობს ახალი ეროვნული ორგანიზაციების დაფუძნება. მათ შორის საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც საზოგადოება ჩამოყალიბდა. ვფიქრობ ICON•S-თან თანამშრომლობა განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ქართული აკადემიური საზოგადოებისთვის. ICON•S განვითარების და თანამშრომლობის ბევრ შესაძლებლობას გვთავაზობს. მათ შორის აღსანიშნავია, რომ საზოგადოებას გააჩნია საჯარო სამართალში ერთ-ერთი აღიარებული სამეცნიერო ჟურნალი საკონსტიტუციო სამართლის საერთაშორისო ჟურნალი (https://academic.oup.com/icon), ასევე სამეცნიერო ბლოგი iconnectblog (http://www.iconnectblog.com), სადაც ქვეყნდება სამეცნიერო სტატიები საჯარო სამართლის აქტუალურ საკითხებზე, იმართება დისკუსიები დღეს მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე. ასევე აღსანიშნავია რომ ICON•S პერიოდულად ცნობილი პროფესორების, ექსპერტების მონაწილეობით მართავს საჯარო ლექციებს, დისკუსიებს, წიგნების პრეზენტაციებს, რაც ხშირად დისტანციურადაც ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის.

ქართველი სპეციალისტები წარმატებით თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პერიოდულად აქვეყნებენ თავიანთ ნაშრომებს საერთაშორისო ჟურნალებში, სხვა გამოცემებში, თუმცა ICON•S მეტ შესაძლებლობას მოგვცემს ქართველი ავტორების კვლევების ფართო საზოგადოებისთვის გასაზიარებლად. ICON•S  პერიოდულად გვიზიარებს ინფორმაციას სხვადასხვა საერთაშორისო სტიპენდიების, გრანტების, კონკურსების, ვაკანსიების შესახებ, რაც საქართველოსთვის მეტად ხელმისაწვდომს გახდის საერთაშორისო თანამშრომლობას, გააჩენს ახალი ერთობლივი კვლევების განხორციელების შესაძლებლობებს. ცალკე უნდა აღინიშნოს საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების ყოველწლიური კონფერენცია – გლობალური ფორუმი (https://conference.icon-society.org), რომელიც პროფესორებს, სტუდენტებს, საჯარო სამართლით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს თავიანთი კვლევები უცხოელ კოლეგებს გაუზიარონ, მიიღონ რეკომენდაციები, დაამყარონ ახალი კავშირები, დაგეგმონ ახალი ერთობლივი პროექტები. სასიხარულოა რომ საქართველოს წარმომადგენლები პერიოდულად მონაწილეობენ კონფერენციაში და 2022 წელს სხვადასხვა უნივერსიტეტის 6 წარმომადგენელი მონაწილეობდა კონფერენციაში, რომელიც პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში გაიმართა.

საქართველოს ორგანიზაციის ფარგლებში ბევრი საინტერესო ღონისძიების განხორცილება იქნება შესაძლებელი. მათ შორის დაფუძნდება საჯარო სამართლის ყოველწლიური ეროვნული კონფერენცია, სეზონური სკოლები, გაიმართება სემინარები, დისკუსიები ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, გამოიცემა საჯარო სამართლის ყოველწლიური მიმოხილვა, კონფერენციის შრომების კრებული, ამოქმედდება საჯარო სამართლის ბლოგი და სხვა. საზოგადოება აქტიურად გამოიყენებს სოციალურ მედიას ორგანიზაციის წევრების კვლევების, ღონისძიებების, მიღწევების საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გასაზიარებლად.  

ვფიქრობ ICON•S საქართველო საერთაშორისო თანამშორმლობის და პროფესიული განვითარების კარგი ახალი შესაძლებლობა იქნება საქართველოში საჯარო სამართალში, ასევე მომიჯნავე დისციპლინებში დასაქმებული ადამიანებისთვის. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს უნივერსიტეტები მხარს დაუჭერენ ჩვენს წამოწყებას და ICON•S გახდება ურთიერთსასარგებლო სივრცე აკადემიური საქმიანობისთვის.

დიდი მადლობა ყველა ქართველ კოლეგას ორგანიზაციის დაფუძნებაში აქტიური მონაწილეობისთვის. ასევე განსაკუთრებული მადლობა საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოებას, მთელ მმართველ გუნდს ოორგანიზაციის დაფუძნებაში გამოხატული მხარდაჭერისთვის.

ორგანიზაციაში შეუძლია გაწევრიანდეს ყველა, ვინც იზიარებს მის ძირითად მიზნებს, აქვს ინტერესი და მუშაობს საჯარო სამართალში თუ სხვა მომიჯნავე დისციპლინებში, განსაკუთრებით მივესალმებით ახალგაზრდა მეცნიერების მიღებას ჩვენს რიგებში.

თანამშრომლობის მიზნით, გთხოვთ ეწვიოთ ICON•S საქართველოს ოფიციალური ვებგვერდს: https://www.icon-society.ge საჯარო სამართლის ბლოგს

http://www.constitutionblog.ge და სიახლეების მისაღებად დაუკავშირდეთ ორგანიზაციას სოციალურ მედიაში:

Facebook: https://www.facebook.com/International-Society-of-Public-Law-Georgian-Chapter-109310731813574
Twitter: https://twitter.com/GeorgiaIcon
Linkedin: https://www.linkedin.com/in/icon-s-georgia-a4b975244/

 

მალხაზ ნაკაშიძე,

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ბათუმი, 2022 წლის 14 ივლისი