პრეზიდენტის იმპიჩმენტი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გზა ფორმალიზმისკენ
გივი ლუაშვილი
სამართლის დოქტორი (თსუ), ასოცირებული პროფესორი (სეუ), ადვოკატი
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. ვურცბურგი, ბავარია – 2023 წლის 20 ოქტომბერი
შესავალი
მოცემულ ბლოგში ვიმსჯელებთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის დასკვნაზე (საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე) და მასში მკაფიოდ დაფიქსირებული ფორმალური მიდგომების გამოწვევებზე. ასევე მიმოვიხილავთ თუ რა როლი აქვს ფორმალიზმს კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში და როგორ გვესახება სწორი ბალანსი ფორმას და შინაარსს შორის.
ფორმალიზმის მნიშვნელობა და მისი როლი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
ფორმალიზმი განიმარტება, როგორც გარეგნული ფორმის დაცვა საქმის არსებითი მხარის საზიანოდ, რაიმესადმი ფორმალური მიდგომა. ლიტერატურაში, ხელოვნებათმცოდნეობაში და შეიძლება ითქვას სამართალში ფორმალიზმი ხასიათდება იდეალისტური მიმართულებად, რომელიც მხოლოდ ფორმას ანიჭებს მნიშვნელობას, ხოლო იდეურ შინაარსს სრულიად უგულებელყოფს[1]. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტერმინს დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად თან სდევს უარყოფითი კონოტაცია[2]. ფორმალიზმი მართლაც, რომ მნიშვნელოვანი მოვლენაა სამართალში, რომლის გარეშეც თავად სამართალი ნაკლებად წარმოსადგენია. სწორედ ფორმალიზმი თამაშობს მნიშვნელოვან როლს ძალაუფლების დანაწილების კონტექტში, რომლის წყალობითაც საკანონმდებლო ხელისუფლება, ზოგჯერ ფართოდ, ზოგჯერ გააზრებულად ან გაუაზრებლად ვიწროდ უდგენს ძალაუფლების სხვა შტოებს სამოქმედო ფარგლებს. სასამართლო ხელისუფლებას და განსაკუთრებით კონსტიტუციური მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოს მოვალეობაა დარჩეს ფორმალურად დადგენილი საზღვრების ფარგლებში, მაგრამ სამართალშეფარდებისას ასევე დაიცვას მნიშვნელოვანი ბალანსი მშრალ ფორმალიზმსა და შინაარს შორის, რომელსაც კონსტიტუცი ადგენს. კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისას საკონსტიტუციო სასამართლოს პირდაპირი მოვალეობაა კონსტიტუციის პრინციპების და ნორმების შინაარსის მიხედვით განსაზღვროს კონსტიტუციი კონკრეტული ჩანაწერის მნიშვნელობა და მაშტაბი. ამ უკანასკნელს კონსტიტუციური მართლმსაჯულების კონტექტსში განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომ აქვს, რომ კონსტიტუცია, როგორც ნორმატიული აქტი გამოირჩევა თავისი სადამფუძნებლო ხასიათით, რაც მის „შემქმნელებს“ აიძულებს, რომ მასში ძირითადი, ზოგადი და საკვანძო საკითხები განსაზღვრონ, აღნიშნული კი საკონსტიტუციო სასამართლოს აიძულებს განახორციელონ კონსტიტუციის ავტონომიური განმარტება, რა დროსაც მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში უნდა ეძებონ განმარტების საზომი და წყარო.
სპეციალური საკონსტიტუციო კონტროლის ქვეყნების პრაქტიკას თუ გადავხედავთ დავინახავთ ერთ უდავო მოცემულობას, რომლის მიხედვითაც ის საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოები გამოირჩევიან განსაკუთრები ავტორიტეტით და ეფექტურობით, რომლებიც ერთის მხრივ რჩებიან კონსტიტუციის ნორმატიული ტექსტის ფორმალურ საზღვრებში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში არ ერიდებიან კონსტიტუცის ტექტსტის ავტონომიურ განმარტებას, რომელზე პასუხიც კონსტიტუციის, რომელიმე ნორმაზე მშრალად მითითებით არ იკითხება. ამ მიდგომასაც აქვს თავისი ხარვეზები, ამ სითამამის დროს იქმნება აღქმა და კრიტიკაც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს „ძალაუფლების თვით გაზრდას“ ახორციელებს, რა დროსაც იქმნება საფრთხე სასამართლო „ნეგატიური“ კანონმდებლიდან გადაიქცეს „პოზიტიურ“ კანონმდებლად და დაირღვეს ძალაუფლების ბალანსის მნიშვნელოვანი წონასწორობა. ამის ნათელი მაგალითია გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც გამოირჩევა თავისი თამამი შინაარსზე ორიენტირებული სასამართლო პრაქტიკით, რომელსაც თავისი კრიტიკოსები ჰყავს და ზოგჯერ არცთუ უსაფუძვლოდ[3]. მიუხედავად ამ ამბივალენტურობისა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრაქტიკული რეალობისთვის, ყოველთვის უფრო სანდო და ავტორიტეტული ფორმალურ ფარგლებში დარჩენილი, თუმცა შინაარსის განმარტებისკენ გაბედული საკონსტიტუციო სასამართლო. შეიძლება ითქვას, რომ საკონსტიტუციო მართლმსაჯულებისთვის ფორმალიზმი არის თემიდას სასწორი, ხოლო შინაარსი თემიდას ხმალი, რომლის გარეშეც თემიდას გაუჭირდებოდა სამართლიანი, კონსტიტუციისმიერი მართლმსაჯულების განხორციელება. ხმალი ორიენტირებულია სასამართლოს გაბედულებისკენ და სიძლიერისგენ. სწორედ ხმალი განასხვავებს სასამართლოს წმინდა წყლის ფაქტების შემფასებლისგან და კონსტანტატორისგან. ზედმეტ ხატოვნებაში, რომ არ გადავარდეთ მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ხმლისა და სასწორის ბალანსის გარეშე ვერგამოდის მართალი მართლმსაჯულების განხორციელება.
თავად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ყოფილა უამრავი საქმე, როდესაც სასამართლოს დასახელებული დილემა ხან მართებულად გადაუწყვეტია ხანაც პირიქით. აღნიშნულის საილუსტრაციოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან მინდა მოვიყვანო ცნობილი და გახმაურებული საქმე „საქართველოს მოქალაქე ვალერი გელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. მოცემული საქმეში მოქალაქე ვალერი გელაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და სადავო დადგენილებით მას ვადამდე შეუწყდა სადეპუტატო უფლებამოსილება, ვინაიდან პარლამენტმა დადასტურებულად მიიჩნია ვალერი გელაშვილის მიერ კონსტიტუციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით (მოქმედი რედაქციის მიხედვით მუხლი 39.5.ბ) გათვალისწინებული ქმედების განხორციელება, რომლის მიხედვითაც პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. ამ საქმეზე მსჯელობისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საქმის განხილვის დროს არსებული პოლიტიკური რეალობა, რომლის მიხედვითაც არსებობდა განწყობა, რომ უმცირესობაში მყოფ პოლიტიკოსს, პარლამენტის წევრს მოქალაქე ვალერი გელაშვილს ჩაგრავდა უმრავლესობის მპყრობელი ხელისუფალი. მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დაძაბულობისა, რაც გარეშე პირს აფიქრებინებდა საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის ტენდენციას, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მოქალაქე ვალერი გელაშვილის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოცემული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ბოლომდე ეფუძნებოდა კონსტიტუციის განმარტების შინაარსობრივ მხარეს. შინაარსობრივი მხარის ავტონომიურმა განმარტებამ, შეიძლება ითქვას ფაქტობრივად გადაწყვეტილების სისწორეში და მიუკერძოებლობაში დაარწმუნა მათ შორის ანტაგონისტურად განწყობილი საზოგადოების თუ პროფესიული წრეების წარმომადგენლები და დღეს ამ გადაწყვეტილების მიღებიდან საკმაო დროის გასვლის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება იყო სწორი და კონსტიტუციის პრინციპებთან სრულ თანხვედრაში.
ფორმალიზმის უარყოფითი მხარის ნათელ მაგალითად, რომელიც შემდგომში საკონსტიტუციო სასამართლომ თავადვე გამოასწორა ასევე უნდა დავასახელოთ თანასწორობის უფლების გარშემო სასამართლოს მიერ დადგენილი ყოვლად მიუღებელი პრაქტიკა. კონსტიტუციის თავდაპირველი რედაქციის მიხედვით კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილი თანასწორობის უფლება ჩამოთვლიდა თანასწორობის ამომწურავ ნიშნებს, რის გამოც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავდაპირველად პრაქტიკულად არ იხილავდა ისეთ საქმეებს სადაც დისკრიმინაციის ნიშანი არ ჯდებოდა კონსტიტუციის მიერ ჩამოთვლილ კლასიკურ ნიშნებში. სასამართლოს დასჭირდა თითქმის ათწლეულია, რომ გასცდენოდა მკაცრ ფორმალურ საზღვრებს და განეხორციელებინა კონსტიტუციურ პრინციპებზე და შინაარზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლება ადგენს არა მხოლოდ კანონის წინაშე თანასწორობის ძირითად უფლებას, არამედ კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს, „რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში არსებული ნიშნების ჩამონათვალი, ერთი შეხედვით, გრამატიკული თვალსაზრისით, ამომწურავია, მაგრამ ნორმის მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა. მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ თანასწორობის უფლებას და დააკნინებდა მის მნიშვნელობას კონსტიტუციურ-სამართლებრივ სივრცეში“.[4] მოცემული განმარტების შემდგომ თანასწორობის უფლების კლასიკურ ნიშნებს დაემატა სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი და სხვა ჩანაწერი, კონსტიტუციის ტექტი კი ამ პრაქტიკას რამოდენიმე წლის მერე დაეწია და კონსტიტუციის ტექსტშიც გაჩნდა და სხვა. ეს შემთხვევაც ნათელი მაგალითია მშრალი ფორმალიზმის უარყოფითი მხარისა, რომელიც აკნინებს სასამართლოს სტატუს, ავტორიტეტს, და როლს ძალაუფლების დაბალანსების მნიშვნელოვან კომპოზიციაში.
მოცემულ საკითხზე საუბრის დასაწყისში ვახსენე, რომ ფორმალიზმმა სამართალში შეიძინა ცუდი კონოტაცია. ამის მიზეზი კი გახლავთ, ის რომ სასამართლო ზოგჯერ არასწორად, რომელიც ბევრი სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული, განზრახულად თუ განზრახვის გარეშე თავის იკეტავს მკაცრი ფორმალიზმის ფარგლებში. ამ უკანასკნელით კი სუსტდება საკონსტიტუციო სასამართლოს როლი, ფუნქცია დანიშნულება, საზოგადოებას უჩნდება განცდა, რომ სასამართლო ვეღარ შეძლებს მისი უფლებების ეფექტურ დაცვას, რადგან კანონმდებელს შეეძლება სასამართლოს შემოუსაზღვროს მკაცრი ფორმალური საზღვრები, რომლის მიღმა გახედვაზეც თავად სასამართლომ თქვა უარი.
ფორმალიზმის და შინაარსს შორის სწორი ბალანსის დაცვისკენ მიუთითებს თავად კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“. მოცემულ ჩანაწერიდან უნდა ამოვიკითხოთ, რომ ფორმალური საზღვრების დამდგენი, უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე საკანონმდებლო ხელისუფალიც კი შეზღუდულია ამ მნიშვნელოვანი პრინციპით, რაც სასამართლოს აიძულებს, რომ გაიხედოს ფორმალურ საზღვრებს მიღმა. თავად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტიც განსაზღვრავს, რომ „ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრს და ამ ნორმის გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს“. ამ ნორმასთან დაკავშირებით შეიძლება გაჩნდეს აღქმა, რომ ის შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს ისეთ უფლებამოსილებებს, სადაც სასამართლო განიხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხს, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ჩანაწერი მიემართება იმ შემთხვევასაც, როდესაც ხდება კონსტიტუციის ტექსტის განმარტება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის დასკვნა (საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე) ჩვენი აზრით სრულად დაყრდნობილია კონსტიტუციის ტექსტის ფორმალურ განმარტებას, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს ამ ტერმინის ცუდ კონოტაციას. სწორედ მოცემული საკითხის მიმოვიხილავთ ქვემოთ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის დასკვნა
საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაზე საუბარი უნდა დავიწყოთ დასკვნის აღწერილობითი ნაწილიდან, რომელზეც უნდა ითქვას, რომ კონსტიტუციური წარდგინების ავტორების პოზიციები უფრო ფართოდაა აღწერილი და გადმოცემული ვიდრე პრეზიდენტის წარმომადგენლების. აღწერილობით ნაწილში იქმნება აღქმა, რომ სასამართლომ მარტო მხარეების ის პოზიციები ასახა, რაც თანხვედრაში მოვიდოდა სასამართლოს სამოტივაციო ნაწილთან. ჩვენ გვესმის, რომ აღწერილობით ნაწილში ვერ იქნება სრულად გადმოცემული სამ დღიანი სასამართლო განხილვის ბატალიები სრულად, მაგრამ ვფიქრობთ, რომ აღწერილობით ნაწილში ს უკეთ დაბალნსებაც შეიძლებოდა.
დასკვნის აღწერილობით ნაწილში სასამართლო განსაკუთრებით ფართოდ შლის კონსტიტუციური წარდგინების ავტორების პოზიციას, რომლის მიხედვითაც სასამართლოსგან წარდგინების ავტორები ელიან „საკუთრივ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურებას, რა დროსაც მხედველობაში არ უნდა იყოს მიღებული კონსტიტუციის დარღვევის განზრახულობა, მისისიმძიმე, მოტივაცია, დამდგარი შედეგი თუ სხვა სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რომელთა გათვალისწინება უფრო რელევანტურია თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს პარლამენტში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლოდაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს“.
„კონსტიტუციის დარღვევის“ განმარტება
ზემოთ მოცემულ აბზაცში დასახელებული მიდგომის პარალერულად სასამართლო დასკვნის სამოტივაციო ნაწილს მე-20 პარაგრაფში აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი, მისი გრამატიკული, ისტორიული, ლოგიკური თუ ტელეოლოგიური განმარტებების მიხედვით, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დასკვნის მომზადების ეტაპზე იმპიჩმენტის საფუძვლების აღმნიშვნელად გამოყენებული სიტყვები – „კონსტიტუციის დარღვევა“ ან „დანაშაულის ნიშნების არსებობა“ – სიტყვა-სიტყვით მნიშვნელობაზე უფრო ვიწროდ, ფართოდ ან სხვაგვარად განმარტოს. საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, სწორი არ იქნებოდა, რომ მოცემული კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, როდესაც იგი იმპიჩმენტურ ბრალდებას იკვლევს და დასკვნას ამზადებს, ავტონომიური მნიშვნელობა მიანიჭოს „კონსტიტუციის დარღვევას“, განმარტოს იგი ვიწროდ ან ფართოდ და მასში იგულისხმოს რაიმე სხვა დარღვევა, რაც მოქმედი კონსტიტუციის ტექსტიდან უშუალოდ არ გამომდინარეობს, … ანდა განსხვავებული მიდგომები დაამკვიდროს განზრახ და არაგანზრახ ქმედებათა მიმართ. იმპიჩმენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებანი გამიჯნულია პოლიტიკურ და სამართლებრივ კომპონენტებად და, შესაბამისად, განაწილებულია პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ ხელისუფლებათა შორის იმგვარად, რომ სასამართლომ მხოლოდ სამართლებრივი კრიტერიუმებით უნდა შეაფასოს სადავო ქმედების კონსტიტუციურობა, ხოლო პოლიტიკურმა ხელისუფლებამ პოლიტიკური კრიტერიუმებით – ქმედების ჩამდენის თანამდებობიდან გადაყენების საჭიროება, გამართლებულობა და მიზანშეწონილობა. სასამართლოს აზრით, ამ ტერმინთა ავტონომიური განმარტება მაშინ იქნებოდა საჭირო და რელევანტური, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიტიური დასკვნა ავტომატურად რომ გულისხმობდეს შესაბამისი თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენებას, ანდა პარლამენტის ვერდიქტზე რომ ახორციელებდეს შემდგომ კონსტიტუციურ კონტროლს.“
საკონსტიტუციო სასამართლო ასევ ამყარებს იმედს მართლზომიერ საპარლამენტო კონტროლზე და პარლამენტს მოუწოდებს, რომ „საქართველოს პარლამენტში დამკვიდრდეს სწორი და ერთგვაროვანი ხედვა იმპიჩმენტით გადაყენების ადეკვატური საფუძვლებისა და შეფასების კრიტერიუმების თაობაზე, ჩამოყალიბდეს პოლიტიკურ-სამართლებრივი კულტურა, ერთგვაროვანი კონსტიტუციური სტანდარტი, რომელიც შესაბამისი პრეცედენტების დროს პარლამენტის წევრებს, რომლებიც პოლიტიკოსები არიან, მომავალშიც დაეხმარება, რომ მათ იმპიჩმენტთან დაკავშირებული კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენონ იმპიჩმენტის ინსტიტუტის არსისა და მიზანდასახულობის გათვალისწინებით და კონსტიტუციურად გამართლებული მიზნებით. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტისას, იმპიჩმენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება და პოლიტიკური მიხედულობით მოქმედების შესაძლებლობა პარლამენტის წევრების მიერ გამოყენებულ იქნეს გონივრულად და ადეკვატურად, იმპიჩმენტის იდეის გააზრებით და შესაბამისი პასუხისმგებლობით, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ იმპიჩმენტის პროცედურის კონსტიტუციურობაზე შემდგომი სასამართლო კონტროლი გათვალისწინებული არ არის და ამ მხრივ რაიმე სამართლებრივი მისაგებელი არ არსებობს“.
მოცემულ შემთხვევა ნათლად გვანახებს სასამართლოს მიერ არჩეულ ფორმალისტური მიდგომის ურთიერთსაწინაარმდეგო ბუნებას. სასამართლო გაურკვევლი მიზეზების გამო უარს ამბობს კონსტიტუციური ჩანაწერის „კონსტიტუციის დარღვევის“ მაშტაბების დადგენაზე და გვეუბნება, რომ მოკლებულია ამ საკითხის ვიწრო ან ფართო განმარტებას. სასამართლო გვიმტკიცებს, რომ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ დარღვევის ფორმალური გრამატიკული შინაარსით, რომელიც მდგომარეობს იმპიჩმენტს დაქვემდებარებული თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის ნორმის შეუსრულებლობაზე, არ დაცვაზე. სასამართლოს კი მხედველობიდან რჩება ის გარემოება, რომ მსგავსი ფორმალიზმით გაჯერებული მშრალი გრამატიკული განმარტება სრულიად არღვევს კონსტიტუცით დაცულ ძალაუფლების დანაწილების პრინციპს. დასახელებული პრინციპის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია საპარლამენტო კონტროლი და ამ უკანასკნელის დაქვემდებარებული კონსტიტუციის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირების პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმები. საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლით დადგენილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის გზით გადაყენების წესი არის მყარი ვადით არჩეული პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტის დაცვის გარანტი. კონსტიტუციურსამართლებრივი პასუხისმგებლობის ამ ფორმაში საკონსტიტუციო სასამართლოს ჩართულობა და სამართლებრივი დაცულობის გარანტის შემოტანა მიზნად ისახავს პრეზიდენტის სრულ, პრევენციულ დაცვას. როდესაც სასამართლო ახდენს „კონსტიტუციის დარღვევის“ მსგავს ფორმალისტურ განმარტებას ამით სუსტდება პრეზიდენტის იმპიჩმენტისგან დაცვის მექანიზმები. ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციურსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება ყველაზე უფრო რთულად მიღწევადი ამოცანა უნდა იყოს და ეს მექანიზმი განსაკუთრებით ძლიერად უნდა იყოს წარმოჩენილი საპარლამენტო მართველობისკენ მიმართულ ქვეყნებში, რათა იმპიჩმენტის მუქარით და პრეზიდენტის „რყევით“ არ დაზიანდეს მისი პოლიტიკურად მიუკერძოებელი და არბიტრალური ფუნქციები. იმპიჩმენტის პროცესისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წერტილის თავის დროზე არ დასმამ გამოიწვია პრობლემის კიდევ უფრო გაღრმავება. იმპიჩმენტის საპარლამენტო განხილვის შემდგომ ნათლად გამოჩნდა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის უადგილო რყევებმა გამოიწვია, პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკურად მიუკერძოებელი არბიტრის აღქმის დაკარგვა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მსგავს ფორმალისტურ მიდგომას, რომ ერთი შეხედვითაც კი სუსტი პოზიციები აქვს. ამის ნათელ მაგალითს გვაძლევს სასამართლოს სამი მოსამართლის განსხვავებულ აზრში მოყვანილი მარტივი პრაქტიკული მაგალითი. განსხვავებულ აზრში მოსამართლეები განმარტავენ,: „აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ გამორიცხავს კონსტიტუციური ორგანოების მიერ ქვეყნის უზენაესი კანონის დარღვევის რისკებს … საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა ვერ იქნება მის (კონსტიტუციის) ნებისმიერ დარღვევას ავტომატურად ან პოლიტიკური ნების კარნახით მოყვეს ამა თუ იმ კონსტიტუციური ორგანოს/თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტა. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლო საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელების პროცესში ამოწმებს საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის/მთავრობის წევრის ან სხვა კონსტიტუციური ორგანოების/თანამდებობის პირის მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებს და, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, არაკონსტიტუციურად ცნობს მათ. ასეთ შემთხვევებში, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო/თანამდებობის პირი გასცდა მოქმედების საქართველოს კონსტიტუციით დასაშვებ ფარგლებს. საქართველოს პარლამენტი/მთავრობა ან სხვა ორგანო/თანამდებობის პირი, ამ თვალსაზრისით, არაერთხელ ყოფილა საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევი სუბიექტი. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს დავას შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ, რომლის ფარგლებშიც შეიძლება დაადგინოს, რომ თანამდებობის პირის ქმედება განხორციელებულია უფლებამოსილების გარეშე ან/და გამოიწვია სხვა კონსტიტუციური ორგანოს კომპეტენციის ხელყოფა. რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი აქტის ან/და განხორციელებული ქმედების არაკონსტიტუციურად ცნობა, არ უნდა იქნეს განხილული მისი გამომცემის/ქმედების განმახორციელებელი პირის იმპიჩმენტის თვითკმარ, ავტომატურ საფუძვლად. საპირისპიროდ, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ნებისმიერი ფაქტის იმპიჩმენტის თავისთავად საკმარის საფუძვლად განხილვა მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნიდა კონსტიტუციური ორგანოების ჯეროვან ფუნქციონირებას“.[5]
ეს მაგალითი ნათლად გვიჩვენებს, რომ მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო კონტროლის ფარგლებში ხორციელდება ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა ეს უკვე საფუძველია, ამ ნორმატიული აქტის ხელმომწერის (მაგალითად: კანონის შემთხვევაში პრეზიდენტის, კანონქვემდებარე აქტის შემთხვევაში მთავრობის წევრის) კონსტიტუცის დარღვევის დადგენის. ფაქტობრივად „კონსტიტუციის დარღვევის“ აქამდე დამცრომით იმპიჩმენტი ემსგავსება უნდობლობის გამოცხადების მექანიზმს სადაც აუცილებელია პოლიტიკური ნება. ნების არსებობის შემთხვევაში კი მიზეზი ყოველთვის მოიძებნება. იბადება კითხვა სადამდე მივყავართ ზედმეტ ფორმალიზმს
გაუგებარია სასამართლოს დასკვნის სამოტივაციო ნაწილის ეს პასაჟი: „სასამართლოს აზრით, ამ ტერმინთა (კონსტიტუციის დარღვევა) ავტონომიური განმარტება მაშინ იქნებოდა საჭირო და რელევანტური, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიტიური დასკვნა ავტომატურად რომ გულისხმობდეს შესაბამისი თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენებას, ანდა პარლამენტის ვერდიქტზე რომ ახორციელებდეს შემდგომ კონსტიტუციურ კონტროლს.“ არადა ვფიქრობთ, რომ ეს პირიქით უნდა იყოს რადგან პარლამენტის ვერდიქტზე არ ხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომი კონტროლი, სწორედ რომ პრევენციული კონტროლის ფარგლებში უნდა შეამოწმოს სასამართლომ იმპიჩმენტის ბრალდება სრული კონსტიტუციური სიმკაცრით.[6]
გაუგებარია თუ რატომ მიიჩნევს საკონსტიტუციო სასამართლო დარღვევის განზრახულობის საკითხს, მოტივს და მიზანს არასამართლებრივ კატეგორიად და ამ უკანასკლე გარემოებებს მიაკუთნებს პოლიტიკური მიზანშეწონილობის ჟანრს, რომელიც პარლამენტის პოლიტიკური მიხედულებაა. განზრახვა, მოტივი, მართლწინააღმდეგობის და ბრალის გამომრიცხველი გარემოებები წმინდა წყლის სამართლებრივი კატეგორია და გაუგებარია ამ კატეგორიების პარლამენტის დისკეცრიის ფარგლებში გადასვლა.
წინა აბზაცში გადმოცემულ ბუნდოვანებას დამატებით გაუგებრობას სძენს სასამართლოს დასკვნაში ჩადებული პარლამენტისადმი გზავნილები, სადაც სასამართლო გამოთქვავს იმედს, რომ პარლამენტი გამოიჩენს მაღალ პოლიტიკურ კულტურას და სათანადოდ შეაფასებს დარღვევის განზრახულობის და მოტივის საკითხებს. აქ უბრალოდ აუხსნელია თუ რატომ შეიძლება ჰქონდეს სასამართლოს ამ საქმეში პარლამენტის რაციონალურობის იმედი, როდესაც პარლამენტი სასამართლესვე მრავალგზის განმარტების მიხედვით არის პოლიტიკური ორგანო და გადაწყვეტილებას იღებს პოლიტიკური მიზანშეწონილების შედეგად. აქ უნდა გამოვთქვათ, ჩვენი მოკრძალებული აზრი და ავღნიშნოთ, რომ პარლამენტისადმი ამ მოწოდებაში ჩანს საკუთარი დასკვნისადმი გაურკვეველი უნდობლობის ნიშნები, რომლის დასაბალანსებლად სასამართლო პარლამენტს მოუწოდებს გონივრული ქცევისკენ, მაშინ როდესაც გონივრულ ქცევაზე იმპიჩმენტის პროცესში სასამართლოა პასუხისმგებელი და არა პარლამენტი.
საქართველოს კონსტიტუციის 49-ე და 52-ე მუხლების ურთიერთმიმართების საკითხი და პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლები
საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის სათაურია „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი“, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით „საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“. კონსტიტუციის 52-ე მუხლის სათაურია „საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები“, ამ მუხლის პიველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ საქართველოს პრეზიდენტი „მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს“.
მოცემულ შემთხვევაში სადავო ქმედებას წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამართული შეხვედრები, სადაც პრეზიდენტს არ ჰქონდა მიღებული თანხმობა საქართველოს მთავრობისაგან. ამ ქმედების კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტთან მისადაგებისას გაირკვა, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობას ახორციელებს სხვადასხვა ფორმებით, რომელთაგან გამოსაყოფია პრეზიდენტის ვიზიტი საზღვარგარეთ, პრეზიდენტის მიერ მონაწილეობა გარკვეულ ღონისძიებაში აუდიო-ვიზუალური საშუალებების გამოყენებით, პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი, პრეზიდენტის მიერ უცხო ქვეყნის თანამდებობის პირისთვის წერილობით, სოციალური ქსელების გამოყენებით ან წერილის გაგზავნით რაიმეს მილოცვა ან მისამძიმრება, უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მიღება საქართველოში და სხვა. როგორც გაირკვა ამ ფორმებიდან მხოლოდ საგარეო ვიზიტზე ჰქონდათ წინააღმდეგობა კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს. ამ საკითხის სიღრმისეული განმარტებიდან გამომდინარე დადგინდა, რომ კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტი დასახელებულ საგარეო ურთიერთობების ფორმებთან დაკავშირებით ამომწურავ განმარტებას არ აკეთებს. სასამართლო განხილვისას ასევე ისისც გაირკვა, რომ ყველა ამ ფორმებიდან ყველა შემთხვევაზე მთავრობის წინასწარი თანხმობის დაწესება ქმნის გარკვეულ უხერხულობებს და მსგავს განზრახვას აქცევს შეუსრულებლად. ამიტომ განსამარტი გახდა კონსტიტუციის ამ ჩანაწერის ფარგლები. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სასამართლო განხილვის დროს ეს ესკითხი საკმაოდ ფართოდ გაშალეს, მაგრამ სამწუხაროდ ეს გარემოება სათანადოდ დასკვნის არც აღწერილობით ნაწილშია ასახული და არც სამოტივაციო ნაწილში. ამ საკითხებზე დასკვნის სამოტივაციო ნაწილში სასამართლო უთითებს, რომ „სასამართლოს არ ესახება საჭიროდ ამ საკითხზე მსჯელობის გაგრძელება და, წინამდებარე წარდგინების ფარგლებში, თეორიულად შესაძლებელი ყველა შემთხვევის კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნისადმი დაქვემდებარების რელევანტურობის შეფასება“.
ამ საკითხის განმარტებისას პრეზიდენტის წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა აპელირება კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც პრეზიდენტის სტატუსში ყურადღებას ამახვილებს პრეზიდენტის წარმომადგენლობის საკითხზე საგარეო ურთიერთობებში. სასამართლო განხილვის დროს პრეზიდენტის წარმომადგენლების განმარტებებით დაგვრჩა წარმოდგენა, რომ ისინი ამ მუხლში კონკრეტულ უფლებამოსილებას ხედავენ. ამ საკითხზე სასამართლომ დაასკვნა, რომ „საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებანი გათვალისწინებულია მხოლოდ კონსტიტუციის 52-ე მუხლით, ხოლო კონსტიტუციის 49-ე მუხლი, რომელიც პრეზიდენტის სტატუსს განსაზღვრავს, არ აღჭურავსსაქართველოს პრეზიდენტს რაიმე კონკრეტული უფლებამოსილებით, მათ შორის უფლებამოსილებით, რომ მან საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი ფუნქცია“. სასამართლოს მიერ მოცემული განმარტების ძირითად შინაარსს ვიზიარებთ, კონსტიტუციის 49-ე მუხლი ვერ შექმნის პრეზიდენტის რაიმე ახალ უფლებამოსილებას. მიუხედავად ამისა კონსტიტუციისა 49-ე მუხლმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კონსტიტუციით დადგენილი პრეზიდენტის ბუნდოვანი უფლებამოსილების განმარტებისას. კონსტიტუციაში სტატუსის განმსაზღვრელი მუხლები იმიტომ არსებობს, რომ შეიქმნას კონკრეტული კონსტიტუციის ჩანაწერების კონსტიტუციური მაშტაბი. სტატუსის განმსაზღვრელი ნორმები არიან ერთგვარი კომპასი კონსტიტუციური გაუგებრობის აღმოსაფხვრელად ისევე, როგორც კონსტიტუციის პრეამბულა და პირველი თავი.
განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეებმა სამართლიანად მიუთითეს, რომ „მაგალითად, კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის მითითებული და არც საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლში ჩამოთვლილ რომელიმე უფლებამოსილების განხორციელებას უკავშირდება, თუმცა, ბუნებრივია, პრეზიდენტს აქვს უფლება, შეხვდეს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს, დაესწროს საზეიმო ღონისძიებებს, ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების შესახებ საზოგადოებრივ დისკუსიას, საერთო ეროვნულ ღირებულებებთან მიმართებით საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევას და ა.შ.. უდავოა, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია საზოგადოებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენების, მაგალითად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მოაწყოს საზეიმო ღონისძიებები. ბუნებრივია, იგი არ არის შეზღუდული აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციათა და უცხო სახელმწიფოთა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტი ასევე უფლებამოსილია, პოპულარიზაცია გაუწიოს საერთო ეროვნული მნიშვნელობის მქონე იდეებს და უზრუნველყოს მათი წინა პლანზე წამოწევა, მათ შორის, საქართველოს პარტნიორებამდე სხვადასხვა ფორმით მიტანა. მსგავსი საქმიანობა წარმოადგენს მისი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ცერემონიული როლის, ფუნქციის განუყოფელ ნაწილს და მისი განხორციელების აუცილებელ კომპონენტს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში არ არის გაწერილი სახელმწიფოს მეთაურის ცერემონიული საქმიანობის ჩამონათვალი, ეჭვგარეშეა, რომ ზემოხსენებული აქტივობების განხორციელების უფლებამოსილება უშუალოდ მომდინარეობს პრეზიდენტის კონსტიტუციური მანდატიდან“.
სასამართლოს უმრავლესობის მიერ კონსტიტუციის 53-ე მუხლის ბუნდოვანების განმარტებაზე ფაქტობრივმა უარმა გამოიწვია წინა აბზაცში მოცემულ კითხვებზე პასუხის გაუცემლობა. სასამართლო მხოლოდ დაკმაყოფილდა იმ დასკვნით, რომ კონსტიტუციის 53-ე მუხლი ადგენს უფლებამოსილებებს, 49-ე მუხლი კი არა. დანარჩენი კი მიანდო დადგენილ ფორმალურ საზღვრებს და მიიჩნია, რომ პრეზიდენტი გასცდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს.
პრეზიდენტის უფლებამოსილებების განმარტებისას მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას განსხვავებულიაზრის მქონე მოსამართლეები, კერძოდ: „საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი ადგენს საქართველოს პრეზიდენტის რიგ ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს, რომელთა განხორციელება შეიძლება, მათ შორის, მოითხოვდეს საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობებში მონაწილეობას. მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტს შესაძლოა, გადასაწყვეტი ჰქონდეს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი, რისთვისაც დასჭირდეს უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირებისგან ინფორმაციის მიღება ან/და მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აზრის მოსმენა. შესაძლებელია ისიც, რომ მისი ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების, კანონზე ვეტოს დადების პროცესში, მისთვის მნიშვნელოვანი იყოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მოსაზრების მოსმენა და გაანალიზება. აღნიშნულ შემთხვევებში, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტს დასჭირდეს საერთაშორისო აქტორებთან სხვადასხვა ფორმით კომუნიკაცია. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ მისი ასეთი ქმედების განხორციელება არ მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მთავრობის თანხმობას“.
საინტერესოა განსხვავებული აზრში დაფიქსირებული მიგნება საგარეო პოლიტიკის განხორციელებასა და საგარეო/საერთაშორისო ურთიერთობების გამიჯვნასთან მიმართებით. მართლაც „საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი საგარეო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებს ცალ-ცალკე დისციპლინად მოიხსენიებს და მათ განიხილავს, როგორც საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებულ ორ განსხვავებულ საკითხს. ამდენად, იკვეთება ცხადი კონსტიტუციური ნების არსებობა, რომლის თანახმადაც, საერთაშორისო ურთიერთობების გარკვეული ასპექტები საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროს მიღმა მოიაზრება“.
წინა აბზაცებში დასახელებული დეტალი არის ამ კომპლექსური საკითხის სისტემური განმარტების ნათელი მაგალითი, რომელიც კიდევ დამატებით აშიშვლებს მშრალ ფორმალიზმს. ეს მაგალითი გვარწმუნებს რომ ერთი შეხედვით გასაგები კონსტიტუციის 52-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ნორმატიული სიღრმე ბევრ დეტალს მალავს და ამ საკითხების განმარტება სასამართლოს უმრავლესობას კონსტიტუციის 49-ე მუხლის ფუნზე, რომ განეხორციელებინა შეიძლება მცდარ დასკვნებამდეც არ მისულიყო.
დასკვნა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის დასკვნა (საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე) გაჯერებულია ფორმალიზმით. სასამართლომ თავი ჩაიკეტა ფორმალურ არგუმენტებში და უარი თქვა კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებაზე. სასამართლომ არ შეაფასა „კონსტიტუციის დარღვევის“ კონსტიტუციური მაშტაბი. მისი განმარტებით ამ უკანასკნელის მნიშვნელობა ნათლადა და ამომწურავად არის გადმოცემული. სასამართლოს დასკვნით დამატებით განმარტებას, გარდა გარამიტიკულისა, „კონსტიტუციის დარღვევის“ მნიშვნელობა არ საჭიროებს. სასამართლომ იგივე ფორმალური მიდგომა აირჩია კონსტიტუციის 49-ე და 52-ე მუხლებზე მსჯელობისას და ასევე უარი თქვა პრეზიდენტის უფლებამოსილების განმარტებაზე.
საკონსტიტუციო სასამართლომ ამ დასკვნით უარყო სასამართლოს მიერ თავისი მრავალწლიანი და ერთმნიშვნელოვანი პრაქტიკა კონსტიტუციური ტერმინის ავტონომიური შინაარსისთ წაკითხვასთან დაკავშირებით. აქვე აღსანიშნავია, რომ სასამართლოს ურავლესობაში მყოფ მოსამართლეებს არერთხელ გამოუყენებიათ განმარტების ეს მეთოდი. განმარტების ამ მეთოდზე უარის თქმა ასუსტებს სასამართლოს და ძალაუფლების სხვა შტოებს აძლევს შესაძლებლობას მაქსიმალურად მოაქციოს სასამართლო ფორმალიზმის არტახებში.
ასევე გაუგებარია სასამართლოს მიერ, დასკვნის სამოტივაციო ნაწილში ასახული, პარლამენტისკენ მიმართული ტექტსები, სადაც სასამართლო გამოთქვავს იმედს, რომ პარლამენტი გამოიჩენს მაღალ სამართლებრივ და პოლიტიკურ კულტურას და ადეკვატურად გამოიყენებს იმპიჩმენტის მექანიზმს. სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა, რომ თურმე განზრახვა, მოტივი და მსგავსი სამართლებრივი კატეგორიები იმპიჩმენტის დროს სამართლებრივი შეფასების ნაწილი არ არის და თურმე პოლიტიკურ მიზანშეწონილობას განეკუთნება. ასევე ესეც არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ამ დასკვნით სასამართლომ შემოგვთავაზა იმპიჩმენტის შეფასების დაბალი სტანდარტი.
ასევე გაუგებარია თუ სასამართლომ რატომ არ იმსჯელა „კონსტიტუციის დარღვევისას“ თანაზომიერების საკითხზე. უცნაურია, რომ უმრავლესობაში შემავალმა მოსამართლემ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს და მიიღო ბუნდოვანი პასუხი. სამოტივაციო ნაწილში კი ამ საკითხზე მსჯელობა ნაკლებად არის გაშლილი, მაშინ როდესაც კონსტიტუციის ეს პრინციპი არის მთავარი საზომი ყველა სახის კონსტიტუციური დავისა.
სასამართლომ განვითარებული მსჯელობის შედეგად მიღებული დასკვნით, იმპიჩმენტის, კონსტიტუციით ყველაზე რთული კონსტიტუციურსამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმა ფაქტობრივად გაუტოლა უნდობლობის კონსტრუქციულ ვოტუმს. სასამართლომ ამ დასკვნით დაარღვია ძალაუფლების დანაწილების პრინციპი და პარლამენტი შეაიარაღა ისეთი ძლიერი იარაღით, რომლითაც პოლიტიკური ნების შემთხვევაში ყოველთვის შეძლებს იმპიჩმენტის მექანიზმით დაცული კონსტიტუციური ინსტიტუციების რღვევას, მიზეზი კი ყოველთვის გამოინახება. დასკვნაში დამატებით ასევე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი კიდევ უფრო ძლიერი მექანიზმებით უნდა იყოს დაცული, რათა მას როგორც პოლიტიკურად მიუკერძოებელ ინსტიტუტს და არბიტრს არ დაემუქროს ძლიერი პოლიტიკური ფრაქციისგან არასათანადო ზეწოლის რისკები.
დასკვნის ბოლოს უნდა შევეხოთ სასამართლო განხილვის დროს კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მიერ, მრავალჯერ ნახსენებ პირველი კურსელის კაზუსს. მოცემული იმპიჩმენტის შედარება პირველი კურსელის კაზუსთან არასწორია და მიზნად ისახავდა ამ მნიშვნელოვანი საკითხის დაკნინებას და სასამართლოსთვის თავს მოხვევას, რომ დარჩენილიყო და ჩაკეტილიყო ფორმალიზმის ჩარჩოებში. იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსელს მოეთხოვება ნორმის სწორი შეფარდება, ამ მხრივ იმპიჩმენტის ეს კაზუსი მართლაც მარტივია, მაგრამ შეფარდებული ნორმების განმარტება და გამოყენება ეს უკევ სცდება პირველ კურსელის შესაძლებლობებს. კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს უფლება ჰქონდათ და შეეძლოთ, რომ ეს შედარება ბევრჯერ გამოეყენებინათ, მაგრამ სასამართლოს არ ჰქონდა უფლება ეს კაზუსი, პირველ კურსელისთვის დამახასიათებელი, მკაცრად გაჯერებული ფორმალიზმის მიდგომებით ამოეხსნა.
შენიშვნა: ICON-S აქართველო იწვევს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ბლოგების გამოსაქვეყნებლად. თუ გსურთ სტატიის გამოქვეყნება, გთხოვთ, გამოაგზავნოთ MS Word ფორმატის დოკუმენტის სახით ელ. ფოსტაზე iconsgeo@gmail.com ელ. წერილის სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ “ბლოგი გამოსაქვეყნებლად”
[1] უცხო სიტყვათა ლექსიკონი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=42715
[2] ფ. შაუერი, „ფორმალიზმი“, თარგმანი ლ. ლურსმანაშვილი, ს. დემეტრაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის აკადემიური ჟურნალი,N9, 2022.
[3] P.M. Huber, “The Law between Objectivity and Power from the Perspective of Constitutional Adjudication, “The Law between Objectivity and Power”, P. M. Bender (ed.), 2022.
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის #2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის დასკვნა №3/1/1797საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე.
[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების – ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისადა თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2023 წლის 16 ოქტომბრის №3/1/1797 დასკვნასთან დაკავშირებით.